ტაილანდის მღვიმეში მოზარდებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას მყვინთავი დაიღუპა
ტაილანდში მღვიმეში მოზარდებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს მყვინთავი დაიღუპა.
როგორც BBC-ი წერს, გარდაცვლილი ტაილანდის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი, 38 წლის სამან გუნანია. მან დატბორილი მღვიმედან გამოსვლის დროს გონება დაკარგა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, მყვინთავი მღვიმეში ჩარჩენილებისთვის ჟანგბადების ავზების მიწოდებაში მონაწილეობდა.
სამან გუნანი მღვიმედან მისმა პარტნიორმა გამოიყვანა, თუმცა მყვინთავის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივლისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმედან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. თუმცა მათი მღვიმედან გამოყვანა სირთულეებთან არის დაკავშირებული. გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებს ყვინთვა უნდა ასწავლონ, ან წყლის დონის კლებას დაელოდონ, რასაც შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან ტაილანდში წვიმის სეზონი ოქტომბრამდე გრძელდება.
ამჟამად, სპეციალისტები ბავშვებს ყვინთვის გაკვეთილებს უტარებენ და მათ ჟანგბადის აირებს აწვდიან. ასევე მაშველები მღვიმედან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.
სამაშველო ოპერაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მყვინთავები, სამხედროები და სამოქალაქო პირები.