ტაეკვონდოს მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი - დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ფედერაციის პრეზიდენტი კი გადადგეს
ტაეკვონდოს მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი - დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ფედერაციის პრეზიდენტი კი გადადგეს

ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვონდოს დაკავებული მწვრთნელების მეგობრები და ახლობლები. მათთვის უცნობია ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს და როდისთვის დაინიშნება სასამართლო პროცესი.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი. უკვე მეორე დღეა, აქ ვართ, ფიზიკურად და მორალურად ძალიან დავიძაბეთ, რადგან ყველაფერი უსამართლოდ კეთდება. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება და ეს იქნება ბევრად უფრო მოთხოვნადი, აქცენტირებული ბაბუაძის გადადგომაზე. ეს არ დასრულდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტაეკვონდოს მწვრთნელმა, შოთა გოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის ინციდენტი ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.