ტაეკვონდოს მწვრთნელები ფოთში დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას მოითხოვენ
ტაეკვონდოს მწვრთნელები ფოთში დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას მოითხოვენ

ფოთის პოლიციის შენობასთან შეკრებილი ტაეკვონდოს მწვრთნელები გუშინ დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე, მათი მთავარი მოთხოვნა ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის, სულხან ბუბუაძის დაუყოვნებლივ გადადგომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

„დაკავებული არიან ახალგაზრდა მწვრთნელები, ენერგიით სავსე ბიჭები, რომელთა უკან დგანან მოსწავლეები, ოჯახები და არიან ცუდ სიტუაციაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ მოვითხოვთ, ეს უდანაშაულო ბიჭები გამოუშვან, ამაში დამნაშავე ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე და მისი კლანია. გაგვცეს პასუხი, რა ხდება, თუ არადა წავიდეს და დაგვანებოს თავი. თუ დაკავებული მწვრთნელები არ გათავისუფლდებიან და არ წარიმართება ფედერაციის მუშაობა ისე, როგორც არის წესი და როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ჩვენ არ გავჩერდებით. დღეს იქნება, ხვალ თუ ერთი თვის შემდეგ, არ გავჩერდებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვენ ვემსახურებით სიმართლეს“, – აცხადებს იმერეთის რეგიონში ტაეკვონდოს ხელმძღვანელი რომეო გურეშიძე.

ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

გუშინ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.