„სწორედ ეს არის დემოკრატია “: საქსონია-ანჰალტის არჩევნების 6 გაკვეთილი

13:12, 07.09.2026
გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-მ 2026 წლის 6 სექტემბერს საკვანძო რეგიონულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-მ 2026 წლის 6 სექტემბერს საკვანძო რეგიონულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ტრიუმფატორია, თუმცა მყარი უმრავლესობის გარეშე; საქსონია-ანჰალტის არჩევნებმა პოლიტიკურ პარტიებს სერიოზული გამოცდა მოუწყო. „სწორედ ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელმა, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მხარის პრემიერ-მინისტრმა, სვენ შულცემ დამარცხების შემდეგ. თუმცა, მის მოსაზრებას ყველა არ იზიარებს.

პარტიამ, სახელწოდებით „ალტერნატივა გერმანიისთვის“, საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ AfD-ს მყარი უმრავლესობა არ მოუპოვებია, მისმა ხელმძღვანელობამ სამომავლო კურსი და დღის წესრიგი სწრაფადვე განსაზღვრა: ისინი მთავრობის ფორმირებას გეგმავენ. მაგრამ ვისთან ერთად? გადაბირებულ დეპუტატებთან? „სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ (BSW) მხარდაჭერით? გასარკვევი კიდევ ბევრია… კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგას „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად CDU-სმოუწევს ყველა სხვა პარტიის გაერთიანება (AfD-ის გარდა, რომელიც „სანიტარული კორდონის“ მეორე მხარეს არის მოქცეული) – მათ შორის „მემარცხენეებისა“ (Die Linke) და BSW-ის. ამისთვის კი ზოგიერთს საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება დასჭირდება.

გაკვეთილი 1: CDU-ის დილემა

CDU-ი ისეთივე მმართველობის მოდელს ისურვებდა, როგორიც ამჟამად საქსონიაშია ან ჯერ კიდევ არსებობს თიურინგიაში. ეს არის უმცირესობის კოალიცია, რომელსაც, ცალკეულ შემთხვევებში, „მემარცხენეების“ რიგებიდან ექნებოდა მხარდაჭერა. საქსონია-ანჰალტში, აქ CDU-ის ისტორიულად დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ ბევრი ხმას ნიშნავს. „მემარცხენეებთან“ თანამშრომლობის გამორიცხვის გადაწყვეტილების ნებისმიერი შემდგომი შერბილება CDU-ს სერიოზულ გამოცდას მოუწყობს. მეორე მხრივ კი, AfD-ის წინააღმდეგ არსებული „სანიტარული კორდონის“ გაუქმება CDU-ს ფედერალური ლიდერისა და კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სანდოობას და ავტორიტეტს შელახავს.

გაკვეთილი 2: „ეს მერცის ბრალია“

CDU-ს მთავარმა კანდიდატმა, სვენ შულცემ წარუმატებლობის მიზეზი უკვე იპოვა: ეს არის ფედერალური მთავრობის სათავეში მყოფი CDU-ს პოლიტიკოსების სუსტი მუშაობა. არჩევნების შედეგები მერცის მიმართ კრიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. აქვს თუ არა კანცლერსა და CDU-ს ლიდერს – ისევე როგორც სოციალ-დემოკრატების (SPD) ლიდერებს, ბერბელ ბასსა და ლარს კლინგბაილს – საკმარისი მხარდაჭერა საკუთარ რიგებში? არის თუ არა კოალიციის ერთიანობა საკმარისად მტკიცე იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე გატარედეს რთული რეფორმები პენსიების, საშემოსავლო გადასახადისა და სამედიცინი ბიულეტენების (ავადმყოფობის გამო შვებულების) მიმართულებით, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი?

გაკვეთილი 3: „სწორედ ეს არის დემოკრატია“ – მართლა ასეა?

სვენ შულცემ AfD-ს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა: „სწორედ ეს არის დემოკრატიაა“. არადა, „სანიტარული კორდონის“ ლოგიკით, ანტიდემოკრატებისგან დისტანცირება უნდა მომხდარიყო. მხარის პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ მოგვიანებით დაადასტურა, რომ AfD-სთან თანამშრომლობის შეუთავსებლობის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიებს ახლა დემოკრატიის გააზრება კიდევ ერთხელ მოუწევთ. რა იქნება მომავალში უფრო მნიშვნელოვანი? ამომრჩევლის ნების სულ უფრო მკაფიო გამოხატვა, თუ იმ პარტიის იზოლაცია, რომლის საქსონია-ანჰალტის რეგიონული ფილიალიც ულტრამემარჯვენედ არის კლასიფიცირებული? გარდა ამისა, AfD-მა, ჯამში, 170 000-ზე მეტი ყოფილი პასიური ამომრჩეველი მიიმხრო. არჩევნებში მაღალი აქტივობა – რაც დემოკრატიის ბარომეტრად მიიჩნევა, – დიდწილად, სწორედ AfD-ის ამომრჩევლების დამსახურებაა.

გაკვეთილი 4: ტრიუმფი ეჭვებს ფარავს

AfD-ის რიგებში დიდი ზეიმია. „დიახ, ჩვენ ვიქნებით მთავრობაში, მიუხედავად ყველაფრისა“, – აცხადებენ პარტიის ლიდერები, ალისა ვაიდელი და ტინო ხრუპალა. მთავარი კანდიდატი, ულრიხ ზიგმუნდი ნაკლებად არის ეიფორიაში – არ სურს ისეთ ალიანსებში შესვლა, რომლებიც მის პოზიციებს შეასუსტებს. ეს აზრთა სხვადასხვაობა მომდევნო დღეებში, სავარაუდოდო, განელდება. თუ ზიგმუნდი მხარის პრემიერ-მინისტრი გახდება, მას მისი გეგმების და კომპეტენციის მიხედვით შეაფასებენ – ისევე, როგორც მთავრობის სხვა ნებისმიერ მეთაურს. არჩევნებამდე AfD-ის ხელმძღვანელობასა და პარტიის რადიკალურ წრეებში დიდი შეშფოთება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას თავს შეირცხვენდნენ და „ნამდვილი ოპოზიციის“ გვირგვინს დაკარგავდნენ. ახლა კი ეიფორია მეფობს.

გაკვეთილი 5: სტაბილური უმცირესობა, არასტაბილური უმრავლესობის სანაცვლოდ

ნებისმიერ სხვა პარტიასთან კოალიცია გამორიცხული ჩანს, თუმცა AfD-ს აბსოლუტურ უმრავლესობამდე მხოლოდ რამდენიმე მანდატი აკლია. შესაბამისად, ზღვარი დაბალია, ხოლო იმის ცდუნება კი დიდი, რომ უმრავლესობა CDU-ელ დისიდენტებთან ერთად შექმნან, რომლებიც „სანიტარული კორდონის“ პოლიტიკას გადაუხვევენ. ან, შესაძლოა, BSW-ის დამფუძნებელმა, სარა ვაგენკნეხტმა თავისი პირობა შეასრულოს და, ცალკეულ შემთხვევებში, AfD-ის ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. აუცილებელი არ არის, ასეთი შეთანხმება არასტაბილური იყოს. მითუმეტეს, საქსონია-ანჰალტს უმცირესობის მთავრობების გამოცდილება უკვე აქვს – საკმარისია გავიხსენოთ SPD-ისა და PDS-ის ალიანსი 1990-იან წლებში. მათი კავშირი ბევრ კოალიციაზე უფრო გამართულად ფუნქციონირებდა.

გაკვეთილი 6: საპროტესტო ხმა მოკვდა; გაუმარჯოს საპროტესტო ხმას

დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც AfD-ს ხმას მხოლოდ იმის გამო აძლევდნენ, რომ სხვა პარტიების მიმართ თავიანთი უკმაყოფილება გამოეხატათ. დღეისთვის კი პარტიამ უკვე ჩამოაყალიბა თავისი ელექტორალური ბირთვი, რომელიც AfD-ის პლატფორმას და პროგრამას დადებითად უყურებს. ეს საქსონია-ანჰალტის AfD-საც ეხება, რომელსაც არასდროს დაუმალავს თავისი რადიკალური დღის წესრიგი. პარტიის სოციოლოგიური სამსახურის კვლევები აჩვენებს, რომ AfD-ის პოტენციური ამომრჩევლების განწყობები აღმოსავლეთგერმანული იდენტობის განსაკუთრებულ აღქმასთან არის დაკავშირებული. ამ გაგებით, არჩევნებში AfD-ის გამარჯვება „ლიბერალური დასავლეთის“ წინააღმდეგ მიმართულ პროტესტსაც წარმოადგენს.

სტატიის ავტორი: იურგენ ლანგი, „ბავარიის რადიო“ BR24 (Bayerischer Rundfunk)
ფოტოს ავტორი: ტობიას შვარცი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

მსგავსი