„სვეტის“ საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან
„სვეტის“ საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და დირექტორის თორნიკე ჯანელიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

მათივე თქმით, აქვთ სურვილი, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების ინტერესები დააკმაყოფილონ.

„გამოძიების დაწყებამდე 50-69 დაზარალებული იყო და იმ პერიოდში თანხები ნელ-ნელა დავუბრუნე. ეს მოწმობს იმას, რომ სანამ ყადაღა დაედებოდა, ვცდილობდი თანხების დაბრუნებას“, – განაცხადა „სვეტის“ დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ.

ამასთან, „სვეტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ განაცხადა, რომ გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობენ.

„კომპანიაში 29 მაისიდან ივნისამდე არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. დაგვიბარეს შემდეგ დაკითხვაზე და ივნისის ბოლოს დამკითხეს. როდესაც დამიბარეს, არ ვიყავი თბილისში და როცა ჩამოვედი, მაშინვე გამოვცხადდი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რასაც მოწმობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, სხვადასხვა შპს-დან დოკუმენტაციის ამოღება ჩვენი მონაწილეობით მოხდა და ამასთან, მოგვიანებით ჩვენ თავად წარვადგინეთ საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა თორნიკე ჯანელიძემ.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის მტკიცებით, არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება. ადვოკატი ვალერი გელბახიანი დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს.