სუს-ში ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
სუს-ში ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტი ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც სუს-ის შენობაში შესვლამდე ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოკითხვაზე დაბარებულია ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც სპეცოპერაციისას დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვის საქმეს ეხება.

„შაბათის ეთერში „ტვ პირველმა“ მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს, ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგად, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხეს არც სუს-მა და არც პროკურატურამ. ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი. ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა კითხვები ჩვენ მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, როგორც გადაცემის ავტორსა და წამყვანს, შემდეგ იყო ზარი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ გვაქვს ვალდებულება, დავასახელოთ წყაროები. ​ველოდები, რა კითხვები ექნება სუს-ს, მხოლოდ რეპორტაჟთან დაკავშირებით, თუ იმის მიღმა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა არა მხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც შაბათს გავასაჯაროეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი ნახავს შაბათს. ამ გამოძიებაში არის კიდევ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის შემდეგი, არის თუ არა დაკავებული პირი ადამიანი ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს. ვასამბეკ ბოკოვის ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა რამდენიმეჯერ ეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია ქავთარაძის ქუჩაზე მისი ძმის დაკავებაზე. ეს ვიდეომასალა არის მაღალი გარჩევადობის, შესაბამისდან, ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების რიცხვი, თვე, ყველაფერი ემთხვევა, თუმცა ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა თუ არა, რომ ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და კონსპირაციისთვის დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული. ამ კითხვებს ჩვენ ვეცდებით, შაბათს გავცეთ პასუხები. როგორც მოგეხსენებათ, მე ვმუშაობდი „მთავარში“ და „რუსთავი 2-ში“, თუ იმის მიღმა იქნება კითხვები, რომელიც არ არის შემხებლობაში იმ კონკრეტულ რეპორტაჟთან, მაგრამ შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ საქმეს, ამ თემასთან დაკავშირებით მე მოვითხოვ, რომ დავიკითხო მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.