სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სამი ადამიანი დააკავა
სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სამი ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია და დაკავებულია სამი ადამიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცდანიშნულების რაზმმა ხეობა უკვე დატოვა.

ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადო ჩოფიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ბადო ჩოფიკაშვილი აჰმედ ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.

დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლი გაჩხრიკეს. დაკავებული არიან ძმები მაჩალიკაშვილები.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს.