დუისის გამგებლის თქმით, სუს-ის სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ბრალდებული დაიჭრა
დუისის გამგებლის თქმით, სუს-ის სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ბრალდებული დაიჭრა

დუისში გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა. ამის შესახებ პირველ არხს დუისის გამგებელმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა.

მარგოშვილის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულს – თემირლან მაჩალიკაშვილს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადო ჩოფიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ბადო ჩოფიკაშვილი აჰმედ ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებითაადაკავებული.

დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლი გაჩხრიკეს. დაკავებული არიან ძმები მაჩალიკაშვილები.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს.