სუს-ისა და უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები, ირაკლი ანთაძე და კახაბერ ქემოკლიძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საქმის დეტალებს ეცნობიან
საოკუპაციო ძალების მიერ ახალუბნის მცხოვრებლების გატაცების გამო, ადგილზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ჩავიდნენ. ამ დროისთვის ისინი სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მეჯვრისხევის პოლიციის შენობაში მიმდინარეობს გასაუბრება სოფელ ახალუბნის მცხოვრებლებთან, გატაცებულების ახლობლებთან და ნათესავებთან.
პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ანთაძე და კახაბერ ქემოკლიძე სავარაუდოდ ჟურნალისტებთან კომენტარებს გააკეთებენ.