სუს-ი - გუშინ გავრცელებული ჩანაწერი კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობა არ მიიღონ დანაშაულებრივ ქმედებაში
სუს-ი - გუშინ გავრცელებული ჩანაწერი კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობა არ მიიღონ დანაშაულებრივ ქმედებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარატვენ, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად.

„გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. გამოძიების ფარგლებში დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ“, – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის განცხადებით, გამოძიების დაწყებისა და წარმოების ლეგიტიმური მიზანია დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და მის განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ზომების გატარება.

„ხსენებული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო ორგანოში ყოველწუთიერ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ საზოგადოებისათვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების მიწოდება, რაც აგრეთვე მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლის ჩაწერაც, სუს-ის ინფორმაციით, განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.