სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღ “იმედში” დარღვევები ვერ აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღ “იმედში” დარღვევები ვერ აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე, ბაგა-ბაღ “იმედში” დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

უწყების ცნობით, ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სტანდარტებს შეესაბამება. ასევე არ დაფიქსირებულა ვადაგასული პროდუქტის შენახვის ფაქტები.

“შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური მყისიერად გავიდა. შემოწმდა საბავშვო ბაღი. შემოწმებისას ყურადღება გაამახვილეს საბავშვო ბაღის კვების ბლოკზე და ასევე სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე, დარღვევები არ გამოვლენილა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღი აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს”, – განაცხადა სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

საკვები პროდუქტების სინჯები კი, რომლებიც ბავშვებმა გუშინ მიიღეს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი მესამე კლინიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არ არის. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი შესაძლოა, არა კვებითი ინტოქსიკაცია, არამედ ვირუსი ყოფილიყო.

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი გუშინ  შეუძლოდ გახდა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე აღსაზრდელი მესამე კლინიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.