ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი სამი აღსაზრდელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი სამი აღსაზრდელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედიდან“ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ პირველ არხს ნომერ მესამე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა, თამარ გაბრიჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამი მცირეწლოვანი კლინიკაში დაახლოებით დღის 4-ის ნახევარზე შეიყვანეს. სამივე მათგანს აღენიშნებოდა პირღებინება და სისუსტე.

თამარ გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები, ამჟამად სამივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვები სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„გამოხატული იყო სიმპტომურად გულის რევა, პირღებინება, ჰიპოდინამია, სიფერკმთალე, საავადმყოფოშიც რამდენჯერმე განმეორდა ღებინება, დაწყებულია მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით. მიდის იმფუზური თერაპია, გაკეთდა სისხლის ანალიზი. საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან. მუსირებს აზრი, თითქოს ბაღში მიიღეს რაღაც საკვები პროდუქტი, თუმცა ვირუსული ინფექციებით დღეს უამრავი ბავშვი შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დამახასიათებელი სიმპტომებით”, – განაცხადა ნომერ მესამე საავადმყოფოს ექიმმა თამარ გაბრიჩიძემ.

კლინიკაში ასევე მივიდა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც. კახა გვანცელაძის თქმით, ჯერ უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი, იყო ეს ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საკვების სინჯები უკვე აღებულია და გადაგზავნილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი დღეს შეუძლოდ გახდა. ბაღის დირექტორის განმარტებით, ბავშვებმა დილას მხოლოდ კარაქიანი პურით და ყველით ისაუზმეს. ხოლო დაახლოებით 12:00 საათისთვის მათ ხილი ჭამეს. ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებმაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაატარეს ადგილზე.