სუპერლიგის პირველი ფინალისტი „რუსთავია“ - კაკტუსი ბრონჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
სუპერლიგის პირველი ფინალისტი „რუსთავია“ - კაკტუსი ბრონჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

„რუსთავი“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ქვემოქართლელებმა ნახევარფინალში 2:0 მოუგეს „კაკტუსს“ და 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ სუპერლიგის ფინალში. 

ანატოლი ბოისს გაწვრთნილმა „რუსთავმა“ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, მეოთხედფინალში თსუ-ს 2:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ასევე ორი მატჩი დასჭირდა „კაკტუსის“ დასამარცხებლად.

მეორე მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსთაველების მიერ ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა. მათ თბილისელებს მოხსნებში 45:31 სძლიეს, ხოლო სამწამიანი ზონიდან 34 ქულა მოაგროვეს (20 გაუშვეს).

17 ქულით ქვემოქართლელთა ბომბარდირი მაიკლ დევისი გახდა, ხოლო კაკტუსელმა სამაი ჰეინს-ჯონსმა მატჩი 27 ქულით დაასრულა.

„რუსთავი“ ფინალში „ცხუმ-აფხაზეთისა“ და „დინამოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშია 1:1. გადამწყვეტი, მესამე მატჩი 19 მაისს გაიმართება.