სუპერლიგა​ | „კაკტუსისა“ და „ვერას“ შეწყვეტილი სერიები #1TVSPORT
სუპერლიგა​ | „კაკტუსისა“ და „ვერას“ შეწყვეტილი სერიები #1TVSPORT

დინამო-მეგა 74:89

თვენახევრიანი შესვენების შემდეგ საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. კორონავირუსული პანდემიის გამო მეორე წრის საწყისი 2 ტური გადაიდო და ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 4 მატჩი 10 თებერვალს ჩატარდა. პირველ შეხვედრაში „მეგამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „დინამოსთან“ – 89:74.

ამით „მეგამ“ წარმატებული სერია გააგრძელა, რომელიც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მოსვლით დაიწყო. „მეგამ“ სუპერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო იანვარში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალამდე მივიდა და სატიტულო შეხვედრა „ქუთაისთან“ დათმო.

მეგაში“ საუკეთესო იყო ტაილერ კორბინი, რომელმაც 21 ქულა, 13 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა ოთარ ბულიავამ, ფლანიგანის ანგარიშზე კი 19 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „დინამოში“ 24 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ბენჟამინ ქოლეჯის ანგარიშზე კი 22 ქულა დაფიქსირდა.

 

ვერა-თსუ 97:99

დრამატულად წარიმართა სუპერლიგის მოწინავე გუნდების მატჩი. პირველი წრის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით II-III ადგილებს თსუ და „ვერა“ იყოფდნენ.

შეიძლება ითქვას, ორივე გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა თსუ-ს მეტად გაუმართლა, რომელმაც 2 ქულის სხვაობით – 99:97 იმარჯვა. ვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი ჰყავთ, რომელმაც თითქმის უიმედო მატჩი არაერთხელ შემოატრიალა და აქამდე სუპერლიგაში ბოლო 7 მატჩი მიჯრით მოიგო.

თსუ-სთან მატჩის დასრულებამდე 3.4 წამით ადრე ქულას აგებდა, მეტოქე კი 3 საჯარიმოს ესროდა – ორს გუჯა ხვედელიძე და ერთს რაილ ოუენსი, რომელიც ვერელებმა მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმის გამო დაიმსახურეს.

ხვედელიძეს ორივე აუცდა და დარჩენილ 3.4 წამში ვერელებმა ბურთის მოხსნა და მისი მეტოქის საჯარიმოსკენ გაგზავნა მოასწრეს. გასროლილი ბურთის მისაღებად მებრძოლ „ვერას“ ამერიკელ ლეგიონერ თაჩ უნრუჰზე თსუ-ელები დაჯარიმდნენ და ძირითადი დროის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე უნრუჰი საჯარიმოს ხაზზე დადგა, ორივე რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ… ანგარიში აღარ შეცვლილა.

უნივერსიტეტელებს სუპერლიგის ბომბარდირმა ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულასთან ერთად 11 პასი მიითვალა. არანაკლებ შედეგიანი იყო რაილ ოუენსი – 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 21 ქულა ნიკოლოზ დარბაიძემ, ხოლო 11 – მიხეილ ბერიშვილმა მოაგროვეს. ვერაში 30 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. ვახტანგ ქადარიამ 19 ქულა მიითვალა, ხოლო დარელ ბრაუნმა – 16.

 

ოლიმპი-კაკტუსი 69:71

სუპერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმაკაკტუსმა“ წარუმატებელი სერია „ოლიმპთან“  შეწყვიტა. 4 წაგების შემდეგ კაკტუსელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს და თან საკმაოდ ამბიციურ „ოლიმპს“ სძლიეს, რომელიც 2 ახალი ლეგიონერით თამაშობდა.

თავის მხრივ, „კაკტუსსაც“ ამდენივე ახალი უცხოელი ჰყავს, თუმცა დენზელ ლივინგსტონმა და დერიკ ნიუტონმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზეც ითამაშეს. ამასთან, „კაკტუსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ირაკლი ხოშტარია, რომელმაც სუპერლიგაში ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

კაკტუსში“ 12 ქულით, 10 პასით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე. 14 ქულა დერიკ ნიუტონის ანგარიშზე დაგროვდა. ოლიმპში 16-16 ქულით კახა ჯინჭარაძე და ახალწვეული იმორას ეიჯი გამოირჩნენ.

ტიტები-ცხუმ/აფხაზეთი 86:75

სუპერლიგის 10 თებერვლის მატჩები საინტერესო დუელით დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში გვერდში მყოფი გუნდები – „ტიტები“ და „ცხუმ-აფხაზეთი“ შეხვდნენ. ორივე გუნდს 4 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ამ ურთიერთშეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ცხრილში.

გამარჯვება, თანაც საკმაოდ დამაჯერებელი, „ტიტებმა“ მოიპოვეს – 86:75. წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი „ტიტების“ ახალწვეული კრის მაკნილი გახლდათ, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 29 ქულა ჩააგდო.

მან 29 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემიმ მიითვალა, ჯორდან რობერტსონმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 23 ქულითა და 9 მოხსნით მარქილ სმიტი გამოირჩა. 17 ქულა და 8 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა.

ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა 11 თებერვალს, რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და „ბათუმს“ შორის გაიმართება.