კალათბურთი | დადიანის მემორიალის ფინალში „მარგვეთი“ და „ქუთაისი“ ითამაშებენ #1TVSPORT
კალათბურთი | დადიანის მემორიალის ფინალში „მარგვეთი“ და „ქუთაისი“ ითამაშებენ #1TVSPORT

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში იმერული კლუბები გავიდნენ. სეზონის პირველი ტიტულისთვის ერთმანეთს ზესტაფონისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალი 7 ოქტომბერს „თბილისი არენაზე“ გაიმართება და ზესტაფონის „მარგვეთი“ ეცდება, ისტორიაში პირველი ტიტული მოიგოს. ქუთაისელებს დადიანის მემორიალი 2-ჯერ აქვთ მოგებული და, ცხადია, ტიტულის გასამებას ეცდებიან.

 

1/2-ფინალი
ზესტაფონის მარგვეთი – ბათუმი 104:97

ზესტაფონის მარგვეთს სატრანსფერო საქმიანობა დაუფასდა. სადღეისო მონაცემებით, ქართულ კლუბებში ყველაზე კარგი ლეგიონერები სწორედ ზესტაფონელებს ჰყავთ. აქამდეც და, განსაკუთრებით ნახევარფინალში, „მარგვეთს“ გამარჯვებაში უპირველესად უცხოელი მოთამაშეები დაეხმარნენ. განსაკუთრებით კი – მაიკლ მეიესი, რომელმაც ამჯერად ყველაზე მეტი – 34 ქულა (11-დან 7 სამქულიანი) ჩააგდო.

ძალიან სასარგებლო იყო ლუკა ზაქრაძე, რომელსაც თამაშის ბოლოს, 23 ქულასთან ერთად, 7 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

1/2-ფინალი
ქუთაისი – თსუ 81:77

საქართველოსა და დუდუ დადიანის მემორიალის მოქმედი ჩემპიონი თსუ ბრძოლას გამოეთიშა.

თსუ ფიბა-ევროპის თასზე გამოდის და ამ ევროტურნირისთვის შემადგენლობას აძლიერებს. ლაფანაშვილის გუნდმა უკვე მეორე ლეგიონერი გაუშვა – სერბი ნიკოლა ვუიოვიჩი, რითიც ტურძილაძეს – დამხმარე, თსუ-ს კი ფარქვეშა ძალა მოაკლდა. სამქულიანების მხრივ თსუ-დან გიორგი ცინცაძემ – 3, ხოლო მეტ ჯონსონმა 1 შორი სროლა ჩააგდო, რაც, ცხადია, მთლიანი გუნდისთვის ძალიან ცოტაა.

ქუთაისში 15 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 13 ქულა დავით ლომიძემ მიითვალა, მარკუს გილსონის ანგარიშზე კი 12 ქულა და 6 მოხსნა დაფიქსირდა. თსუ-ში 25 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კახაბერ ჯინჭარაძე. 16 ქულა – ტურძილაძემ, ხოლო 10-10 გიორგი ცინცაძემ და ალექსანდრე ფევაძემ მიითვალეს.

ფინალური შეხვედრა შაბათს, 7 ოქტომბერს, თბილისი არენაზე 15:00 საათზე გაიმართება.