საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გაიმართა 12 მატჩი და 3 ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა. პლეი ოფის საგზურები მოიპოვეს და რიგით მე-19 გათამაშების მოსაგებად ბრძოლას განაგრძობენ – „რაში“, „ქუთაისი“, „კავკასია“ და თსუ. ნახევარფინალში გუნდები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ: საუკეთესო შედეგის მქონე „ქუთაისი“ უარესი შედეგის მქონე თსუ-ს დაუპირისპირდა, ხოლო მეორე-მესამე „კავკასია“ და „რაში“ ერთმანეთთან დაწყვილდნენ.

 

C ჯგუფი |  ქუთაისი vs გაუ 104:94

ამ მატჩის წინ იმერული კლუბი ხელსაყრელ სიტუაციაში იყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს 13 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგო და ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა ეს ჰანდიკაპი რომც არ ჰქონოდა, გაუ-სთან მაინც ფავორიტად ითვლებოდა და ეს სტატუსი გაამართლა კიდეც.

ქუთაისში საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილს ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. 16-16 ქულა მიითვალეს დეტრეკ ბრაუნინგმა და დავით ლომიძემ. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ბაქარ ბერეკაშვილმა. გაუ-ში 22 ქულით თევის სმიტი გამოირჩა. 14 ქულა ჰქონდა მიქაელ უგრეხელიძეს, 13 – ენდრიუ ლუისს.

ასე და ამგვარად, 3-გუნდიან C ჯგუფში პირველზე – ქუთაისი, მეორეზე – მარგვეთი და მესამეზე გაუ გავიდა.

ნახევარფინალი „ქუთაისი“-თსუ 18 იანვარს, 16:30 საათზე დაიწყება.

 

B ჯგუფი | კავკასია vs დელტა (გურჯაანი)  99:97

სუპერლიგის პირველი წრის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურჯაანის „დელტამ“ მემორიალი ჩააგდო. „კავკასია“ კი პირიქით – შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და მონდომების წყალობით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიელებს მემორიალის პირველ ტურში ტყიბულის „ორბი“ ჰყავდა დამარცხებული, „დელტას“ კი „ორბთან“ წაგებული ჰქონდა. შესაბამისად, გურჯაანელებს მხოლოდ გამარჯვება, ისიც, მინიმუმ, 14-ქულიანი სჭირდებოდათ, პირველ ადგილზე და, შესაბამისად, ნახევარფინალში რომ გასულიყვნენ.

არ გამოვიდა. „დელტას“ არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, თუმცა გუნდმა მოსაგებად ბოლომდე იბრძოლა.

„კავკასიას“ ახალწვეულმა, ჯავაუნ დენიელსმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ილია ლონდარიძე საკმაოდ სასარგებლო იყო, რომელმაც 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 13 ქულით და 8 პასით დაასრულა შეხვედრა გრეგ ფარჰემმა. გურჯაანელთაგან 23 ქულითა და 8 პასით ოთო ფხაკაძე გამოირჩა. 16 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ბექა ბექაურმა მოაგროვა, საბა ლობჯანიძემ „დელტას“ 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიაშველა.

„კავკასია“ B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში „რაშთანდაწყვილდა. აღნიშნული მატჩი თბილისი არენაზე 18 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება.

 

A ჯგუფი | რუსთავი vs თსუ 102:89

რაში vs ივერიონი (გორი) 71:82

თსუ სუპერლიგის ლიდერია, რომელმაც პირველ წრეში 10-დან 8 მატჩი მოიგო, თუმცა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე გუნდს ტრავმების გამო 4 მოწინავე მოთამაშე აკლია. გუნდს ვერ ეხმარებიან გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი ტურძილაძე და ნოდარ გოგოძე და ამის მიუხედავად, უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

გუნდს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც პირველ ნახევარში 21 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა, 12 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა ტაირი ბოიკინს, რომელმაც 12 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. 18 ქულითა და 6 პასით დაასრულა შეხვედრა ნიკა ჩეჩელაშვილმა. რუსთაველთაგან 26 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 19 ქულა და 11 პასი მიითვალა დემარი კინგმა.

A ჯგუფის მეორე მატჩში, რომლითაც ჯგუფური ეტაპი დასრულდა, გორის „ივერიონმა“ თბილისის „რაში“ დაამარცხა. ამ მატჩის შედეგს ცხრილზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში „რაში“ ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა, „ივერიონი“ კი – მეოთხეზე. გორელებმა პრესტიჟის მატჩი მოიგეს და ტურნირი სპორტულად უმნიშვნელო, თუმცა მაინც გამარჯვებით დაასრულეს.