ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ მერვე მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდა და თითქოს ბრძოლა მოიგო, მაგრამ მას გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით ჩამოართვეს. აღნიშნულ ფაქტს ქართულ და უცხოურ მედიაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ გამარჯვება ტოჩინოშინს უნდა რგებოდა და მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო.
სუმომანთა ქართულმა კლუბმა ვებგვერდზე Change.org პეტიცია გააკეთა. სპორტის ამ სახეობის მოყვარულები იაპონიის სუმოს ასოციაციას მიმართავენ და უსამართლო გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ.
„იაპონია – ეს ქვეყანა და მისი ხალხი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ცნობილია თავისი სამართლიანობით და მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, აბსოლუტურად ყველა სფეროში. სუმო კი მათი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის საამაყო სიმბოლოა, რომელიც სპორტის ეტალონად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ღირსებისა და სამართლიანობის კუთხით. ერთ-ერთი, რის გამოც სუმომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში უამრავი გულშემატკივარი შეიძინა, სწორედ ეს თვისებებია – ღირსება, ობიექტურობა და სამართლიანობა. დღეს კი რას ვხედავთ? სამართლიანობით განთქმული სუმოს სამყაროს მესვეურები იღებენ ყოვლად უსამართლო, ტენდენციურ გადაწყვეტილებას და ტალახში სვრიან როგორც თავიანთ ღირსებას, ასევე მთლიანად ამ დიად სპორტს.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, მიმდინარე ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველ ტოჩინოშინსა და იაპონელ ასანოიამას ორთაბრძოლაში დაფიქსირებული ფაქტი, სადაც ე.წ. შიმპანმა ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო, გიოჯის „შეცდომა“ გამოაცხადა, ჩამოართვა გამარჯვება ტოჩინოშინს და ასანოიამას გადაულოცა. თანაც ეს ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ახსნაც კი არ დაურთო თავის გადაწყვეტილებას, რაც მსგავს ეპიზოდებს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე.
აღნიშნული ფაქტით გარდა იმისა, რომ ტოჩინოშინი დაზარალდა ამ კონკრეტულ ორთაბრძოლაში, მას ფაქტობრივად წაერთვა იმპერატორის თასის მოპოვების საშუალება და საფრთხე შეექმნა მისი ოძეკის წოდების დაბრუნების საკითხსაც. ასანოიამას კი ძალიან კარგი პლაცდარმი მოუმზადდა, რათა პირველი იუშო აიღოს კარიერაში და ისტორიაში შევიდეს, როგორც რეივას ეპოქის პირველი ჩემპიონი. ყოველივე ეს გვიჩენს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ სუმოს მესვეურებს ძალიან უნდათ, თავიანთი ახალი წელთაღრიცხვის, რეივას ერის პირველ ბაშოს იაპონელი ჩემპიონი ჰყავდეს. ბატონებო, გვერწმუნეთ, თუკი აღნიშნულ ტურნირს დაუმსახურებელი ჩემპიონი მოევლინება, იაპონიის სუმოს ასოციაცია ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ ტალახსა და შავ ლაქას, რომლითაც ეს ფაქტი ისტორიაში შევა. ჩვენ, ქართული სუმოს ქომაგები და სრულიად ქართული საზოგადოება მოგიწოდებთ, რომ სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი უსამართლო გადაწყვეტილება და დაუბრუნოთ ტოჩინოშინს დღევანდელი შირობოში (თეთრი ბურთულა). პატივი ეცით საკუთარ ღირსებას და იმ ფასეულობებს, რითაც სუმოს სამყარო ყოველთვის გამოირჩეოდა და ამაყობდა“, – ვკითხულობთ სუმომანთა განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს დაწყებიდან 13 დღე გავიდა და ტოჩინოშინის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ოთხი მარცხია. იმისათვის, რომ ლევანმა ოძეკის რანგი დაიბრუნოს, მას დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგება სჭირდება.