სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს

00:55, 20.11.2026

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.

„აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა მოვლენებისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.

მსგავსი