ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობადამაკმაყოფილებელია.
ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.
ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.
„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, – განაცხადა ექიმმა.
დღეს, დილით ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი – გარდაცვლილი, ხოლო ოთხი პირის მიმართ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.