სულხან სალაძე - სასამართლოების თავმჯდომარეების საკითხი კვლავ რჩება პრობლემად და გამოწვევად
სულხან სალაძე - სასამართლოების თავმჯდომარეების საკითხი კვლავ რჩება პრობლემად და გამოწვევად

ბევრ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა სასამართლოების თავმჯდომარეების საკითხი კვლავ რჩება პრობლემად და გამოწვევად, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ განაცხადა.

როგორც სულხან სალაძემ განაცხადა, შეთავაზებულ ვერსიაში კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა დანიშნონ კონკრეტული სასამართლოების თავმჯდომარეები.

„ვფიქრობთ, რომ სწორი მიდგომა იქნებოდა არჩევითი ყოფილიყო, თავად სასამართლოებს უნდა აერჩიათ თავიანთი შემადგენლობიდან იმ კონკრეტული სასამართლოების თავმჯდომარეები ვინ უნდა ყოფილიყვნენ. სხვა მხრივ ცხადია არის ამ დოკუმენტში საინტერესო ჩანაწერები, მათ შორის დისციპლინური წარმოებისა და საბჭოს წევრის აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც ეხება იუსტიციის სკოლას, შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით, ეს კანონი უქმდება. მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ მხოლოდ კანონპროექტის პირველ ვერსიაზე, ეს გაივლის დიდ პროცედურებს და პროცესებს პარლამენტში, როცა გადაინაცვლებს იქ შესაძლოა, მოხდეს რიგი ნორმების დაზუსტება. ბევრ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა სასამართლოების თავმჯდომარეების საკითხი კვლავ რჩება პრობლემად და კვლავ რჩება გამოწვევად“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.