სულხან ბორძიკაშვილი - მდინარე ალაზანზე კიდევ ორი ჰესის აშენება მიუღებელია
სულხან ბორძიკაშვილი - მდინარე ალაზანზე კიდევ ორი ჰესის აშენება მიუღებელია

მდინარე ალაზანზე, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, კიდევ ორი ჰესის აშენება მიუღებელია, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან ბორძიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყვნენ არა ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ის სამინისტროები, რომლებსაც ევალებათ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეჩერდეს ჰესების მშენებლობა. პანკისის ხეობას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში. გვაქვს ორი ჰესი. ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ჰესია. ამ ერთ ალაზანზე, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, კიდევ ორი ჰესის აშენება მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ჰესი შენდება სოფელში. ჩვენი მცდელობა იყო, რომ მოლაპარაკებების გზით მოგვარებულიყო, მაგრამ ძალებს ისევ მიმართავენ, მათთან ამ ურთიერთობის, თანამშრომლობის ფორმა, ჩვენთვის მიუღებელია.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. მოსახლეობა შორიდან ვერ იდგება და ვერ უყურებს იმას, რომ რამდენიმე პოლიციელი დადგეს და ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდეს. ეს არ არის ერთი დღის პროცესი. ველოდებით, რომ აქტივისტებს დაიჭერენ. ამის გამოცდილება გვაქვს. ახლაც ვითხოვთ, რომ ჩვენთან მოლაპარაკებებში ჩართული იყოს არა ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ის სამინისტროები, რომლებსაც ევალებათ ასეთ საკითხებზე მუშაობა“, – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. აქციის მონაწილეების ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შს მინისტრის მოადგილესთან ერთად საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ.

სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.