სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ COVID-19-ის რისკი და სიმწვავე შეიძლება, სისხლის ჯგუფზე იყოს დამოკიდებული — #1tvმეცნიერება
სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ COVID-19-ის რისკი და სიმწვავე შეიძლება, სისხლის ჯგუფზე იყოს დამოკიდებული — #1tvმეცნიერება

სულ უფრო ბევრი კვლევა ჩნდება მოსაზრების გარშემო, რომლის მიხედვითაც, I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს პანდემიის დროს შეიძლება, მცირე უპირატესობა ჰქონდეთ.

ამ კვირაში გამოქვეყნებული ორი კვლევა მიუთითებს, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა დაუმძიმდეთ.

ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე COVID-19-ის პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის პაციენტები. ამას გარდა, მათ ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფილტვების ვენტილაცია და უფრო იშვიათად ჰქონდათ თირკმლების უკმარისობაც.

ეს აღმოჩენა სრულ თანხვედრაშია წინა კვლევების დროს I ჯგუფის სისხლის შესახებ გაკეთებულ ასეთივე აღმოჩენებთან და ნათელ სურათს ქმნის კორონავირუსის ერთი კონკრეტული რისკფაქტორის შესახებ.

ორივე კვლევა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Blood Advances-ში გამოქვეყნდა. ერთი მათგანი COVID-19-ის 95 კრიტიკულად მძიმე პაციენტს სწავლობდა თებერვალი-აპრილში, კანადის ქალაქ ვანკუვერში.

კვლევის დროს გაირკვა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში საშუალოდ 4,5 დღით ნაკლებს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის სისხლის მქონენი. ეს უკანასკნელნი (II და IV ჯგუფის სისხლი) რეანიმაციულ განყოფილებაში საშუალოდ 13,5 დღეს ატარებდნენ. თუმცა, მკვლევრებმა კავშირი ვერ ნახეს სისხლის ჯგუფსა და თითოეული პაციენტის მიერ საავადმყოფოში გატარებულ დროის ხანგრძლივობას შორის.

თუმცა, დაადგინეს, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტთა მხოლოდ 61 პროცენტს დასჭირდა ფილტვების ვენტილაცია, II და IV ჯგუფის სისხლის მქონეთაგან კი 84 პროცენტს.

ამას გარდა, II და IV ჯგუფის პაციენტებში უფრო მეტად იყო დიალიზის საჭიროება, პროცედურის, რომელიც თირკმლებს სისხლიდან ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება.

„სისხლის ამ ორი ჯგუფის მქონე პაციენტებს შეიძლება, COVID-19-ის მიზეზით ორგანოების დისფუნქციის ან უკმარისობის უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე I და III ჯგუფის სისხლის მქონეებს“, — წერენ კვლევის ავტორები.

ასეთივე კავშირს მიაგნო ივნისში ჩატარებულმა კვლევამ. I ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში იტალიასა და ესპანეთში, კორონავირუსის მწვავე ინფექციის (იგულისხმება ინტუბაციის ან ჟანგბადის მიწოდების საჭიროება) რისკი 50 პროცენტით ნაკლები იყო სისხლის სხვა ჯგუფების მქონე პაციენტებთან შედარებით.

მეორე ახალმა კვლევამ კი დაადგინა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მქონეებს.

ჯგუფმა დანიაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეისწავლა, რომლებმაც COVID-19-ზე ტესტირება თებერვლის ბოლოდან ივლისის ბოლომდე ჩაუტარდათ. დაახლოებით 4600 ადამიანი დადებითი აღმოჩნდა და მათ მითითებული ჰქონდათ სისხლის ჯგუფიც; მათგან 38,4 პროცენტს I ჯგუფის სისხლი ჰქონდა.

ეს კი უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე I ჯგუფის სისხლის გავრცელება დანიის მოსახლეობაში, 41,7 პროცენტი. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არაპორპორციულად არიდებდნენ თავს ინფექციას.

„I ჯგუფის სისხლი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ინფიცირებისადმი მიდრეკილების შემცირებაში“, — წერენ მკვლევრები.

ზოგადად, ადამიანის სისხლის ჯგუფი დამოკიდებულია სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე A და B ანტიგენების სახელით ცნობილი ცილების არსებობა-არარსებობაზე — გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა მშობლებისგან. I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს არც ერთი ანტიგენი არ აქვთ. ეს სისხლის ყველაზე გავრცელებული ჯგუფია — ოკლაჰომის სისხლის ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 48 პროცენტს I ჯგუფის სისხლი აქვს.

სისხლის ტიპსა და კორონავირუსის რისკის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევები თანხმობაშია ამ თემაზე ჩატარებულ წინა კვლევებთან. ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში უფრო დაბალი იყო COVID-19-ის დადებითი შემთხვევები, ვიდრე სხვა ჯგუფებში. აპრილში გამოქვეყნებულმა კვლევამ (ეს კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის) კი დაადგინა, რომ ნიუ-იორკში 1559 პაციენტში I ჯგუფის სისხლი მოსალოდნელზე დაბალ პროპორციაში იყო წარმოდგენილი.

მარტში ჩინეთის ქალაქ უხანსა და შენჟენში 2100-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ინფიცირების დაბალი რისკი ჰქონდათ.

წარსულის სხვა კვლევები ასევე აჩვენებს, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ნაკლებად მოწყვლადი არიან ვირუს SARS-ის მიმართაც, რომელსაც 80 პროცენტი საერთო გენეტიკური კოდი აქვს ახალ კორონავირუსთან (SARS-CoV-2). ჰონგ-კონგში 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-ით ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობას I ჯგუფის სისხლი არ ჰქონდა.

მიუხედავად ამდენი და ასეთი მზარდი მტკიცებულებისა, ვანკუვერში ჩატარებული კვლევის თანაავტორი, მაიპინდერ სეკონი აღნიშნავს, რომ კავშირი ჯერ მაინც უმნიშვნელოა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხავს სიმწვავის სხვა რისკფაქტორებს, მაგალითად, ასაკს, თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს და ა. შ. თუ ვინმეს II ჯგუფის სისხლი აქვს, სულაც არ არის საჭირო პანიკა და თუ I ჯგუფის სისხლი გაქვს, სულაც არ შეგიძლიათ თავისუფლად, უსაფრთხოდ იაროთ პაბებსა და ბარებში“, — ამბობს სეკონი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.