სუდანის არმიის მიერ დაკავებულმა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა
სუდანის არმიის მიერ დაკავებულმა პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოქმა მხარდამჭერებს ქუჩებში გასვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტის გამართვისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ-არაბია“ სუდანის ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ყველას, გააგრძელონ მსვლელობა გადატრიალების მცდელობის ჩახშობამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეარხის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განცხადების გაკეთება მის დაკავებამდე მოახერხა, მოგვიანებით კი იგი დაუდგენელი მიმართულებით გადაიყვანეს.
დღეს სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. ამბოხებულების მიერ გადაკეტილია ხართუმის აეროპორტი, ხოლო მთელ ქალაქში გათიშულია ინტერნეტი.
გამოსვლები სუდანში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. დემონსტრანტები ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, ზოგი კი არმიას გარდამავალი მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა.