სუამ-ის სამდივნო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს
სუამ-ის სამდივნო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

სუამ-ის სამდივნო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.

ამის შესახებ ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია – სუამ-ის“ სამდივნოში აცხადებენ, აღნიშნული თავდასხმა მიუთითებს, რომ წევრ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

სუამ-ის სამდივნო გმობს კიბერშეტავას, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ“. ეს საკითხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „სუამის“ წევრი სახელმწიფოების მიერ კიბერსივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.