სტივენ ნიქსი - IRI საქართველოშია, რათა მხარი დაუჭიროთ საარჩევნო პროცესს და პროცესში ხალხის მონაწილეობას
IRI არის აქ, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში ხალხს, მათ დემოკრატიულ მისწრაფებას; ვართ აქ, რათა მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროცესს და პროცესში ხალხის მონაწილეობას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
ნიქსმა აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის გაზომვის ბარომეტრია.
„ყოველი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის გაზომვის ბარომეტრია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს უკრაინის, მოლდოვისა თუ სხვა არჩევნები. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ პროცესს, აქტიურად გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა აქტორებთან მთავრობიდან, პოლიტიკური პარტიებიდან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ჩვენ გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალიან მცირე კონტიგენტი გვყავს. გვყავს ხუთი ადამიანი, რომლებიც სექტემბრის დასაწყისიდან იმყოფებიან აქ. მე შევუერთდები მათ არჩევნების დღეს, ვიცე-პრეზიდეტენტთან, სკოტ მასტიკთან ერთად. ასე რომ, ძალიან მცირე ჯგუფია, როგორც არჩევნების დღის, ისე გრძელვადიანი დამკვირვებლების, ხუთი გრძელვადიანი დამკვირვებელი და სამი არჩევნების დღის დამკვირვებელი“, – განაცხადა ნიქსმა.
სტივენ ნიქსის თქმით, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში იმედისმომცემია.
„ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება კარგად ორგანიზებული, საქართველოს მოსახლეობის აქტივობა იქნება მაღალი, მიუხედავად პანდემიისა და ასევე იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობიანი პროცესი, როგორც არჩევნების დღეს, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში“, – განაცხადა ნიქსმა.
ამასთან, ნიქსმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას დარღვევებთან ან ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
„გრძელვადიანი დამკვირვებლები შეხვედრებს მართავენ ჟურნალისტებთან, ისევე, როგორც ჩემ მიერ ნახსენებ ხალხთან და შესაბამის მოხსენებას არჩევნების შემდგომ გამოაქვეყნებენ. ჯგუფის სიმცირიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვგეგმავთ რამე განცხადების გაკეთებას არჩევნების შემდეგომ დღეს, მაგრამ ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაქვეყნებენ მოხსენებას სექტემბერში მათი ჩამოსვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდის შესახებ. მათი მოხსენება არჩევნებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.