სტივ კინი - შოტლანდიის ნაკრებს უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
სტივ კინი - შოტლანდიის ნაკრებს უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ, Daily Mail-მა ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელზე, სტივ კინზე წერილი გამოაქვეყნა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა საქართველო-შოტლანდიის მოახლოებულ თამაშზეც ისაუბრა.

„შოტლანდიელი სტივ კინი ახლა საქართველოში, ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობს. ის ამბობს, რომ შოტლანდიის ნაკრების პროგრესმა შოტლანდიელი მწვრთნელების რეპუტაციაც გააუმჯობესა. როდესაც „ჰიბერნიანი“ დატოვა და საქართველოში გაემგზავრა, მან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი აღმოაჩინა, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვართ.

გლაზგოელმა სპეციალისტმა ქუთაისის „ტორპედო“ შუა სეზონში ჩაიბარა. აუტსაიდერთა შორის მყოფი გუნდი ევროტურნირებზე გამსვლელ ზონას 13 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი ლიდერებშია და მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე თამაშის რეალური შანსი აქვს. კინი საქართველოში წლის მწვრთნელის ტიტულის პრეტენდენტია.

„ჰიბერნიანის“ აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი საერთაშორისო შესვენების დროს ედინბურგში დაბრუნდა და ხუთშაბათს, ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მატჩს საქართველოსა და შოტლანდიას შორის თბილისში ვერ დაესწრება. თუმცა როდესაც ის თანამემამულე სტივ კლარკს შეხვდება სურს, ხელი ჩამოართვას და მადლობა გადაუხადოს, რადგან მისი წარმატებული მუშაობის გამო შოტლანდიელებს უცხოეთში მეტი პერსპექტივა გაუჩნდათ.

თუმცა საქართველოში შოტლანდიელებს ასეთი სახელი ყოველთვის არ ჰქონდათ. 2007 წელს ალექს მაკლიშის გუნდი თბილისში 0:2 დამარცხდა და ევრო 2008-ის მიღმა დარჩა. 2015-ში კი გორდონ სტრაჩანის გუნდმა წააგო 0:1 და ევრო 2016-ზე მოხვედრის შესაძლებლობას დაემშვიდობა.

ამჯერად საშიში აღარაფერია – შოტლანდიელებმა ევრო 2024-ის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულებით იმედგაცრუებული საქართველოს ნაკრები კი თბილისში ზედიზედ მესამე მოგებას იმედოვნებს“, – წერს გამოცემა და „ტორპედოს“ მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.

„სტივ კლარკს იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც „ჩელსიში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მაშინ მე „ფულჰემში“ ვიყავი. მასზე ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია. ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს და გვისაუბრია, ის ნამდვილად უმაღლესი დონის მწვრთნელია.

სტივმა ნაკრებში წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა. ნაკრების წარმატება უცხოეთში დასაქმებულ მწვრთნელებსაც გვიადვილებს საქმეს, რადგან ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას დადებითი კუთხით ცვლის“, – ამბობს სტივ კინი.