სტიქიის ზონიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

მისივე თქმით, სტიქიის ზონიდან კიდევ ხუთი ოჯახის ევაკუაცია მოხდება, რადგან სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.