სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია [ფოტო, ვიდეო]

სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა სტიქიის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.