შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტენ ვავრინკა არ მიიღებს მონაწილეობას 2020 წელს ამერიკის ღია პირველობაზე.
„არ მინდა არსებულ პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება. დღეს ნიუ იორკში განსაკუთრებული სიტუაციაა კორონავირუსთან დაკავშირებით. აშშ-ის ღიას შემდეგ კალენდარი ძალიან რთულია. არსებობს ბევრი გაურკვევლობა კარანტინთან დაკავშირებით, ასევე ბევრი ეჭვია ტურნირის ჩატარებაზეც“, – განაცხადა შვეიცარიელმა.
35 წლის ვავრინკა მე-17 ჩოგბურთელია კლასიფიკაციაში. 2016 წელს მას მოგებული აქვს აშშ-ის ღია.
2020 წელს, ამერიკის ღია პირველობა „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი იქნება სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც მაყურებლების გარეშე 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გაიმართება.
უფრო ადრე ტურნირზე უარი განაცხადეს ქალებში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ, მოქმედმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, ნიდერლანდელმა კიკი ბერტენსმა.