სტეფ კარის და დემიენ ლილარდს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა სურთ
ჩინეთში გამართულ კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დიდი წარუმატებლობის შემდეგ, ამერიკის ნაკრებს რეაბილიტაციის შანსი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიეცემა.
„ი ეს პი ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტ რეიჩელ ნიკოლასთან მიცემულ ინტერვიუში „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა.
„ეს გეგმაშია, თანაც აუცილებლად. იმედი მაქვს ტრავმა და სხვა გარემოებები ხელს არ შემიშლის“, – განაცხადა სტეფმა.
კარი არ არის ერთადერთი ვისაც სურვილი აქვს რომ ამერიკის ნაკრებს დაეხმაროს. ტოკიოში გასამგზავრებლად მზად არის „პორტლენდის“ ლიდერი დემიენ ლილარდიც.