სტამბოლში თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მოლაპარაკებები დასრულდა
სტამბოლში სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტი დასრულდა. თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა იდლიბში შექმნილი სიტუაცია და კრიზისი პოლიტიკური დარეგულირება გახდა.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილი სამ საათს გაგრძელდა. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურაც, რომელიც თანამდებობას ტოვებს. მანამდე ოთხი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი მოლაპარაკებებიც გამართეს.
შეხვედრის შემდეგ სამიტის მონაწილეებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სირიის ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.
„რუსეთმა და თურქეთმა განიხილეს შეთანხმება, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს განხორციელებული. ამ მხრივ გაკეთდა გარკვეული დაპირებები. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ ეს ვალდებულებები შესრულებული იყოს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სტაბილური და მდგრადი იყოს.
ვიმედვნებთ, რომ რუსეთი განახორციელებს ზეწოლას სირიის რეჟიმზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის შემდეგ.
იდლიბი სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელი რეგიონია. გასულ თვეს თურქეთისა და რუსეთის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად იდლიბის პროვინციაში შეიქმნება ბუფერული ზონა, აღნიშნული რაიონიდან განხორციელდება მძიმე შეიარაღების გატანა და მებრძოლების ევაკუაცია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთი თავის ვალდებულებებს შეთანხმების მიხედვით ასრულებს. მისი თქმით, პროცესი არ არის მარტივი და რუსეთი თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გაანადგუროს ტერორისტები იდლიბში.
რაც შეეხება სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველ სხდომას, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, ეს სხდომა რაც შეიძლება მალე უნდ გაიმართოს. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება. რუსეთში იანვარში გამართული სირიის სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეები სირიის ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად 150-წევრიანი კომიტეტის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული კომიტეტის წევრთა ერთი მესამედი სირიის მთავრობის შერჩეული უნდა იყოს, მეორე მესამედი – ოპოზიციური ჯგუფების მიერ, ხოლო მესამე ნაწილი – გაერო-ს მიერ.
როგორც ოთხმხრივი სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, შეხვედრის დროს ლიდერებს ბაშარ ასადის მომავალზე არ უმსჯელიათ.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ევფრატის აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გააგრძელებს, თუ მის ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრება.
„თურქეთი არ დაუშვებს, რომ მის საზღვრებთან ან სირიის ნებისმიერ სხვა ნაწილში ტერორისტული ორგანიზაციები განვითარდნენ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.