სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე გაიხსნა მეჩეთი, რომლის აშენების გეგმასაც 2013 წელს თურქეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე გაიხსნა მეჩეთი, რომლის აშენების გეგმასაც 2013 წელს თურქეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე მეჩეთი გახსნა. ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული მეჩეთის მშენებლობის გეგმას 2013 წელს თურქეთში საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა.

„ტაქსიმის მეჩეთი სტამბოლის სიმბოლოებს შორის ახლა თვალსაჩინო ადგილს იკავებს. უფლის წყალობით, ეს ასე იქნება მარადიულად“, – განაცხადა ერდოღანმა პარასკევის ლოცვის შემდეგ.

ტაქსიმის მოედანზე მეჩეთის აშენების იდეა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოთქვა, როდესაც სტამბოლის მერის თანამდებობას იკავებდა.

ტაქსიმის მოედანზე, გეზის პარკის მახლობლად, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლის გვერდით, მეჩეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ოთხი ათას მომლოცველზე გათვლილ ნაგებობას 30 მეტრის სიმაღლის გუმბათი ადგას თავზე.