სტამბოლში კორეასთან მატჩამდე - საქართველოს ნაკრებმა ფათიჰ თერიმზე ივარჯიშა
სტამბოლში კორეასთან მატჩამდე - საქართველოს ნაკრებმა ფათიჰ თერიმზე ივარჯიშა

სამი დღეა, საქართველოს ნაკრები კორეასთან ამხანაგური მატჩისთვის სტამბოლში 25-კაციანი შემადგენლობით ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე წარიმართა, რომელიც 17 800 გულშემატკივარს იტევს. 5 სექტემბერს საქართველოსა და კორეის ნაკრებების შეხვედრას 17:30 საათზე სწორედ ეს არენა უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები პირველად შეხვდება კორეას, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში 37-ე ადგილზეა.

თავდაპირველად დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, ნაკრებს საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა ტრავმის გამო დააკლდნენ. საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველი ამჟამად გუნდთან ერთად სტამბოლშია და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს.

ასევე საეჭვოა, ითამაშებს თუ არა კორეასთან ლაშა დვალი, რადგან ისიც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ნაკრების დებიუტანტები ზურიკო დავითაშვილი და ლევან შენგელია და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია),  ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).

5 სექტემბერი 17:30 სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი
კორეის რესპუბლიკა – საქართველო

8 სექტემბერი 20:00 თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო-დანია

კორეის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სტამბოლიდან თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და დანიასთან შეხვედრისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.