„სრულად გაყიდულია“ - ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ თამაშის ბილეთები ოთხ საათში შეიძინეს #1TVSPORT
„სრულად გაყიდულია“ - ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ თამაშის ბილეთები ოთხ საათში შეიძინეს #1TVSPORT

„სრულად გაყიდულია“ – ასეთ პასუხს მიიღებთ biletebi.ge-ზე, თუ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ თამაშზე დასწრებას მოისურვებთ.

ევროსარბიელს ქართული კლუბებიდან მხოლოდ ბათუმის „დინამო“ შემორჩა, რომელმაც კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე, ბელორუსულ „ბატესთან“ გამარჯვებით ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა – საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ბორისოვოში 4:1 მოიგო, რაც ასეთი დონის გუნდთან მშვენიერი შედეგი იყო.

ახლა ბათუმელები თურქულ კლუბთან დაძაბული მატჩებისთვის ემზადებიან. „სივასპორი“ გასულ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ამჯერად თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელს, რიზა ჩალიმბეის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და შემდეგ პლეი ოფში მოხვედრა სურს.

მატჩისადმი ბათუმელი გულშემატკივრის ინტერესი ძალიან დიდი იყო – თამაშზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დღეს დაიწყო და მიუხედავად შეზღუდვებისა, 4 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა.

მატჩებზე დასწრება „სივასპორის“ გულშემატკივრებსაც სურდათ, თუმცა უეფა-მ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გასვლით მატჩებზე მათი დასწრება აკრძალა. რეგულაციების მიხედვით ტრიბუნაზე აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ პირველ მატჩს „ბათუმი არენაზე“ 5 აგვისტოს ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათიდან დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა „სივას არენაზე“ 12 აგვისტოს, დიდგორობის დღეს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი