სპორტს კვალიფიციური კადრები სჭირდება, რადგან ეს უკვე ცალკე ინდუსტრიაა - სპორტის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ფონდთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
სპორტს კვალიფიციური კადრები სჭირდება, რადგან ეს უკვე ცალკე ინდუსტრიაა - სპორტის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ფონდთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან, რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს ხელი.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კერძო ფონდი და კომპანია ასეთ ყურადღებას იჩენს სტუდენტების მიმართ, რაც ფონდის ხელმძღვანელობის კეთილი ნებაა. სპორტს კვალიფიციური კადრები სჭირდება, რადგან ეს უკვე ცალკე ინდუსტრიაა. წარჩინებულ ახალგაზრდებს სპორტში დასაქმებაში ხელი უნდა შევუწყოთ. ჩვენ მათი სწავლის ხარჯებს საკუთარ თავზე ავიღებთ. სტუდენტებს კი კომისია შეარჩევს. ეს მხოლოდ თანამშრომლობის დასაწყისია. უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სემინარების და კურსების ჩატარებას შევუწყობთ ხელს, რაც ქართული სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამევე დროს, ანალოგიური პროფილის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამები დაფინანსდება, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს და საქართველოშიც დაინარგოს ის სიახლეები, რომლითაც დღეს მთელს მსოფლიოში სპორტის ინდუსტრია იმართება“, – განაცხადა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ჯემალ ძაგანია, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: 

„თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ, რადგან ყოველწლიურად ჩვენს ხუთ სპორტსმენს სტიპენდია დაენიშნება. ამას გარდა, ხელშეკრულებაში ჩაწერილია პუნქტები, რომელიც ხელს შეუწყობს ფონდის და სპორტის უნივერსიტეტის თანამშრომლობას. ვფიქრობ, დახმარების არეალი კიდევ გაიზრდება და ჩვენი პარტნიორობა უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ამით სტუდენტებს მეტი მონდომება და სტიმული გაუჩნდებათ, უფრო მაღალი ქულები რომ მოაგროვონ და სტიპენდია დაიმსახურონ“.