სპორტის საერთაშორისო ფონდმა ეროვნული ლიგის გულშემატკივრები წაახალისა #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა „იბერიისა“ და „სამგურალის“ მატჩისას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები გაათამაშა. მიზანი ეროვნული ლიგის შეხვედრებზე გულშემატკივართა მოზიდვაა, – ამის შესახებ ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
იღბლიანმა გულშემატკივრებმა ოთხი ბილეთი მოიგეს. ამასთან ერთად, სხვა წამახალისებელი პრიზებიც გათამაშდა. ფონდმა ასევე დააანონსა, რომ ევრო 2024-ზე გამგზავრებასა და ტურნირის გაშუქებაში ქართულ მედიას პარტნიორობას გაუწევს.
„ფონდმა და საფეხბურთო კლუბმა „იბერიამ“ ეროვნული ლიგის გულშემატკივრების დასაჩუქრება გადაწყვიტეს. ვფიქრობ, ერთგული ქომაგებისთვის ევრო 2024-ზე დასწრება დიდი საჩუქარია. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ჩემპიონატზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიზიდოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპორტულ მედიას მივცემთ საშუალებას, უშუალოდ იყვნენ ამ პროცესების მონაწილეები, მოვლენები ადგილიდან გააშუქონ და ემოციები გულშემატკივრებს გადმოსცენ“, – განაცხადა სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.