სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართება. ვანო გოლოშვილს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.