სპეციალური პენიტენციური სამსახური - კვების ტენდერთან დაკავშირებით ადვოკატის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახური - კვების ტენდერთან დაკავშირებით ადვოკატის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტენდერთან დაკავშირებით ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და ფაქტების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შალვა ხაჭაპურიძის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს მესამედ გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი NAT190019366 სავარაუდო ღირებულებით 73,900,000.00 (სამოცდაცამეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი.

მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი (ყოველდღიურად).

ელექტრონულ ტენდერში უმცირესი ფასით 73,077,498.00 ლარის შემოთავაზება წარმოადგინა შპს „ილი ჯგუფმა“, რომლის სატენდერო წინადადება შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მოთხოვნებსა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას. შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ შპს „ილი ჯგუფი“ გამოვლენილ იქნა გამარჯვებულად და 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა N11/66 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

რაც შეეხება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძის განცხადებებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და ფაქტების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლ(ებ)ის შესახებ. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ასევე პრეტენდენტსა და მისაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას/ებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შპს „ილი ჯგუფის“ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან შპს „ათინათი“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაფრომებული ხელშეკრულება, რომლის დანართი N1-ის და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის (საკვები პროდუქტების სტანდარტები) შესაბამისად შპს „ათინათი“ აწვდის შპს „ილი ჯგუფს“ შემდეგ პროდუქციას; ყველი (იმერული), კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე სასმელი, შესქელებული რძე, კეფირი, ნაღები (დიეტური).

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათის“ ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე).

სატენდერო დოკუმენტაცის დანართი N3-ში (საკვები პროდუქტების სტანდარტები) მოსაწოდებელი კარაქის მიმართ ცალსახად არის გაწერილი: კარაქი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82% (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილების „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნების შესაბამისად); კარაქი ან სპრედი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 72%, რაც დაშვებული იყო სატენდერო პირობებით, თანახმად საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“; ასევე განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილების მეოთხე მუხლით (კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – რძის ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39 პროცენტს და არაუმეტეს 79 პროცენტს შეადგენს).

შპს „ილი ჯგუფსა“ და შპს „ათინათის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ში, კარაქის შესახებ მითითებულია შემდეგი: „კარაქი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82 პროცენტი; კარაქი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 72 პროცენტი“. აღსანიშნავია, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტით და სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5-პროცენტიან კარაქს, რაც გულისხმობს იმას, რომ შპს „ილი ჯგუფის“ მიერ კვების მომსახურებისას გამოყენებული იქნება სწორედ 82.5-პროცენტიანი კარაქი, რაც ზემოაღნიშნული ტენდერის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ინფორმაციისთვის, თავდაპირველად 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული და 2019 წლის 30 აგვისტოს განმეორებით გამოცხადებული (ტენდერში მონაწილე შპს „ილი ჯგუფი“) ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან მასში მონაწილე პრეტენდენტების ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები.

რაც შეეხება პრეტენზიას თავდაპირველ და ბოლო ელექტრონულ ტენდერებს შორის სავარაუდო ღირებულების კლებასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ფასის შემცირება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ თავდაპირველი ტენდერის გამოცხადებიდან ბოლო ელექტრონულ ტენდერამდე გასულია რამდენიმეთვიანი პერიოდი. შესაბამისად, ხელშეკრულება კვების მომსახურების შესყიდვაზე ხუთი თვით ნაკლებ პერიოდს მოიცავს, რამაც მომსახურების ფასის ავტომატური შემცირება გამოიწვია.

მნიშვნელოვანია, რომ ახალ ტენდერთან ერთად გაიზარდა თითოეული პატიმრის კვებაზე გაწერილი თანხის ოდენობა – თუ ბოლო წლების განმავლობაში დღემდე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულების კვებითი მომსახურებაზე (სამჯერადი კვება, პურის ჩათვლით) სახელმწიფო 4.37 ლარს ხარჯავდა (დღეში), 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან (ახალი ხელშეკრულებით) ერთი პატიმრის გამოკვებაზე სახელმწიფო 6.00 ლარს დახარჯავს. ეს გამოწვეულია 2019 წელს ჩატარებული კვების ხარისხის რეფორმით, რომლის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციონისტების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტების, მათ შორის სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ საფუძველს მოკლებულია ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ტენდერის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს არასრულფასოვანი კვება ექნებათ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

დატოვე კომენტარი