სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლა უნდა - მან არ მიიღო ახალ კონტრაქტზე შეთავაზება #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლა სურს, – ამტკიცებს რამდენიმე იტალიური გაზეთი.
როგორც გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, სპალეტის გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან. ეს უკანასკნელი ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. სპალეტის შესანარჩუნებლად დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, მაგრამ ამ მომენტისთვის მწვრთნელი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას.
გაზეთი La Repubblica ამატებს, რომ კონტრაქტის განახლებაზე შეხვედრამ წარუმატებლად ჩაიარა. სპალეტიმ არ მიიღო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის მომატებას 2,8-დან 3.5 მილიონამდე წელიწადში.
მხარეები შეეცდებიან კომპრომისის პოვნას, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სპალეტი დატოვებს „ნაპოლის“.