„სპაერმა“ აუტსაიდერს მოუგო და „სამტრედიას“ გადაასწრო #1TVSPORT
„სპაერმა“ აუტსაიდერს მოუგო და „სამტრედიას“ გადაასწრო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 28-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა – „რუსთავმა“ თბილისის „სპაერს“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო გაირთულა, მეტოქემ კი დაწინაურების შანსი გამოიყენა.

შედეგი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. მოგება სჭირდებოდა როგორც „რუსთავს“, (ერთ-ერთი აუტსაიდერია და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის), ასევე „სპაერს“, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია.

„თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში „სპაერის“ მოთამაშე ლევან პაპავამ მე-13 წუთზე გახსნა. „რუსთავის“ მდგომარეობა 38-ე წუთზე კიდევ უფრო გართულდა, რადგან მთავარმა არბიტრმა მოედნიდან დიმა შარიქაძე გააძევა.

სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და რატი ცაცკრიალაშვილის (39) ზუსტად შესრულებული პენალტით სხვაობა ორ გოლამდე გაზარდეს. მართალია, „რუსთავის“ ლეგიონერმა ბანტუ მზვაკალიმ (40) ერთ წუთში სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „სპაერმა“ მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანა (ლევან პაპავა – 50, თემურ ცალუღელაშვილი – 66, კობა ქებურია – 85) და 3 ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით „სპაერმა“ 41 ქულა დააგროვა, „სამტრედიას“ (39) გადაასწრო და ჩემპოიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 53

2. სპაერი 41

3. სამტრედია 39

4. მერანი მრ 38

5. მერანი თბ 33

6. გარეჯი 27

7. რუსთავი 20

8. ვიტ ჯორჯია 18