სოზარ სუბარი - ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს
სოზარ სუბარი - ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს

ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, – ამის შესხებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სუბარის თქმით, ხელახალი არჩევნების და პლებისციტის ჩატარების გარდა, სხვა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საუბარი.

„მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს და მის შეხედულებებს უამრავ რამეში არ ვეთანხმები, ერთი რამ ფაქტია, როდესაც ის ამბობს, რომ იქ ძირითადად საუბარი იყო არჩევნების დელეგიტიმაციაზე და ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო ძალადობრივი გადატრიალება, ამას ისედაც ყველა ვხედავდით. ეს ყოველგვარი დახურული შეხვედრების გარეშეც გამოსჭვიოდა და ისედაც გამოდიოდა ღია გამოსვლებში. მან უბრალოდ ის დაადასტურა, რაც იქ ხდებიდა. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც გაემიჯნება მსგავს უკანონო ქმედებებს, მოწოდებებს და გეგმებს, ძალიან კარგია.

რაც შეეხება შეხვედრას, ამაზე ამ წუთში პასუხი არ მაქვს. ამ შემთხვევაში ჩემს პირად აზრს ვამბობ, შევხვდებით ყველას და უნდა შევხვდეთ ყველას, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს. საკითხები, რომელიც დაყენებული იქნება, ზოგი შეიძლება მისაღები, ზოგი კი მიუღებელი იყოს. იმის გამო, რომ ვიღაცამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხელახალი არჩევნების, რეფერენდუმის ან რაღაც მსგავსის ჩატარება შეუძლებელი და დაუშვებელია. ეს არ მოხდება. დანარჩენ ნებისმიერ საკითხზე ბუნებრივია, საუბარი შეიძლება“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საჯაროდ შეხვდეს „ქართულ ოცნებას“.