ალეკო ელისაშვილი - მზად ვართ, საჯაროდ შევხვდეთ „ოცნებას“, თუ ნორმალურად წავიდა პროცესი, დაგვირგვინდება შეთანხმების ხელმოწერით
ალეკო ელისაშვილი - მზად ვართ, საჯაროდ შევხვდეთ „ოცნებას“, თუ ნორმალურად წავიდა პროცესი, დაგვირგვინდება შეთანხმების ხელმოწერით

„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის პარტიას არ დაუკლია მცდელობა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების  მეხუთე რაუნდი გამართულიყო.

ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებმა“ ოპოზიციასთან კინკლაობა დაასრულეს.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ლევან იოსელიანთან ერთად მზად არის, საჯაროდ შეხვდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

„დავასრულეთ ოპოზიციასთან გაუთავებელი კინკლაობა, რომელსაც ბოლო არ აქვს და, როგორც ჩანს, ამით ძალიან ერთობიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, ცდა არ დავაკელით, რომ მეხუთე რაუნდი გამართულიყო. მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და გვაინტერესბს, არის თუ არა ის მზად, შეასრულოს პირობები, რაზეც ჩვენ ელჩების შუამავლობით ვმუშაობდით ოთხი რაუდნის განმავლობაში.

კარგია, თუ მათგან არის მზაობა. იმედია, დაიგეგმება შეხვედრა. ამის შემდგე უკვე ვიტყვით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. თუ ნორმალურად წავიდა პროცესი, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება შეთანხმების ხელმოწერით, რის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ იმ საკითხებს, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით და რისთვისაც ბოიკოტი გვქონდა. შესაბამისად, შემდეგ უკვე მე და ლევან იოსელიანი შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.