სოზარ სუბარი - უმრავლესობამ პრეზიდენტი ვერ დაითანხმა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება იყო სამართლიანი, თუმცა მან გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია
სოზარ სუბარი - უმრავლესობამ პრეზიდენტი ვერ დაითანხმა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება იყო სამართლიანი, თუმცა მან გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია

ძალიან კარგია, რომ ოპოზიცია უკვე კონსულტაციებს მართავს პრეზიდენტთან და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ორბელიანების სასახლეში გუშინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ ვახტანგ გომელაური, მიხეილ სარჯველაძე და მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, პრეზიდენტი უმრავლესობამ ვერ დაითანხმა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი, თუმცა გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია.

„სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი პრეზიდენტი და მას ეს არაერთხელ დაუდასტურებია. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, საიდანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შეეხებოდა მხოლოდ ორი შეხვედრა, ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი პრეზიდენტთან და „ქართული ოცნების“ წევრების, მიხეილ სარჯველაძისა და მამუკა მდინარაძის ვიზიტი. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო, აგვიხსნა, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ პრეზიდენტი, რომ დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი. ამაზე გაგვაკრიტიკა და პრინციპში, ეს ის თემაა, რაზეც შეიძლება, მას მართლა დავეთანხმოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზეც გვქონდა არგუმენტი, მაგრამ სრულად გაიზიარა ის ხედვა, რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯდება ცივილიზებულ სტანდარტში და საჭიროა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დაჟინებული, განმეორებითი და მრავალგზის ხულიგნური გამოხტომებისგან. დასაცავი სუბიექტები შეიძლება, იყვნენ მოქალაქეებიც, პოლიციელები და ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც ასეთ ხულიგნურ ქმედებებს აქვს ადგილი და ეს ცვლილებები არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველაზე ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყნებშია.

როდესაც ამ ცვლილებებს აკრიტიკებს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ვთქვათ ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, შეიძლება მათ გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ, მაგრამ როდესაც ამას აკრიტიკებენ ის ადამიანები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი წევრები, რომლებმაც 30-დღიანი პატიმრობა გაზარდეს 90-დღემდე, რა თქმა უნდა, ძალიან ეჭვი გვეპარება მათ გულწრფელობაში. განსაკუთრებით, როცა ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც მუშაობდნენ სისტემაში, უშუალოდ იყო ამ ცვლილებების განმახორციელებელი, ვგულისხმობ ადეიშვილის თანამშრომლებს, იქნება ეს იაგო ხვიჩია, თუ გიორგი ვაშაძე. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ხდებოდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების წინააღმდეგ შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, რადგან მე ვიყავი სახალხო დამცველი, მე ვნახულობდი ყოველდღე ამ ბიჭებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.