სოზარ სუბარი - საკრებულოებმა ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ, სადმე კანონი თუ ირღვევა, ინფორმაცია მოგვაწოდონ, პარლამენტიდან განგაშს ავტეხთ
სოზარ სუბარი - საკრებულოებმა ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ, სადმე კანონი თუ ირღვევა, ინფორმაცია მოგვაწოდონ, პარლამენტიდან განგაშს ავტეხთ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, საკრებულოებმა ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ.

როგორც სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კონკრეტულად ვინ რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს საკრებულოების გადასაწყვეტია და მათ საქმეში პარლამენტი ვერ ჩაერევა.

„საკრებულოებმა ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ. კანონით დადგენილ ვადაში, კონკრეტულად ვინ რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი და მათ საქმეში ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი ვერ ჩაერევიან. საკითხს თითოეული მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სადმე კანონი ირღვევა, ინფორმაცია მოგვაწოდონ, პარლამენტიდან განგაშს ავტეხთ. მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და განგაში ატეხონ, მაგრამ არ მგონია, სადმე კანონი ირღვეოდეს.

სწორად მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები თვითმმართველობის საქმიანობაში არ ჩაერიონ, რადგან თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი და კანონის, საკუთარი სინდისის შესაბამისად უნდა იმოქმედონ. კერძოდ, იმის მიხედვით, რა ვადები აქვთ, ვადებში როგორ ეტევიან და სწორად რა მიაჩნიათ. თუ კანონი ირღვევა, ამაზე ილაპარაკონ. თუ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ამ გადაწყვეტილებას თითოეული თვითმმართველობა დამოუკიდებლად იღებს იმის მიხედვით, სად რა მიაჩნიათ მიზანშეწონილად. სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, თავის საქმეს მიხედოს. სადაც ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ჩვენ მივხედავთ ჩვენს საქმეს. სადაც ერთობლივად არის რაღაც გადასაწყვეტი, ერთად გადავწყვეტთ. სადაც მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი, მოილაპარაკებენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი მუნიციპალურ დონეზე – ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ცესკო-ს მოუწოდეს, ახალი საკრებულოს პირველი სხდომა დროულად ჩანიშნოს. ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ ძველი საკრებულო დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს და რიგგარეშე სხდომებზე შეეცდებიან, მუნიციპალური ქონება მაქსიმალურად აჭარის მთავრობას გადასცენ.

საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმაც და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.