ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს მოუწოდებენ, ახალი საკრებულოს პირველი სხდომა დროულად ჩანიშნოს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს მოუწოდებენ, ახალი საკრებულოს პირველი სხდომა დროულად ჩანიშნოს

ბათუმის ახალ მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, გარდა გახარიას პარტიის წარმომადგენლებისა, დღეს ძველი შემადგენლობის, ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გააპროტესტეს.

ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს წევრების შეკრება უკვე არალეგიტიმურია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, დროულად ჩანიშნოს საკრებულოების პირველი სხდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას ექნება შესაბამისი პროტესტი. ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ სწორედ ძველი საკრებულო დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს და რიგგარეშე სხდომებზე შეეცდებიან მუნიციპალური ქონება მაქსიმალურად აჭარის მთავრობას გადასცეს.

„მოვუწოდებთ ცესკო-ს, დროულად ჩანიშნოს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა, რადგან ძველი შემადგენლობის შეკრება არალეგიტიმურია – 2 ოქტომბერს „ოცნების“ უმრავლესობას ხალხმა უთხრა უარი. აღიარონ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. ახლა ცდილობენ, რიგგარეშე სხდომებით, რაც შეიძლება მეტი მუნიციპალური ქონება გადასცენ აჭარის მთავრობას და ასევე შეეცდებიან, დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს“, – განაცხადა „ლელო საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ.

მოქმედი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძე კი ოპოზიციას საქართველოს კანონმდებლობის გადახედვას ურჩევს.

„ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ახალი საკრებულოს პირველ სხდომამდე, რომელზეც უნდა ცნონ ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება, მოქმედი საკრებულო ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას და იღებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის, ასე რომ, გადახედონ კანონმდებლობას, რეგლამენტს, და შემდეგ წამოაყენონ პრეტენზიები“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.

დატოვე კომენტარი