სოზარ სუბარი - რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც
სოზარ სუბარი - რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც

ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არის რამდენიმე ასეული ან შეიძლება, რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთათვისაც არამხოლოდ მიუღებელია განსხვავებული აზრი, არამედ მზად არიან, ის ფიზიკური ძალადობით ჩაახშონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანონდამრღვევი აგებს პასუხს.

„ყველა ადამიანი, ვინც გაბედავს და კანონს დაარღვევს, ვინც ფიზიკურ ძალადობაზე გადავა, პასუხს აგებს კანონის წინაშე და პასუხს აგებს მთელი სიმკაცრით.  პოლიციამ გუშინ გააკეთა მაქსიმუმი და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომლებიც საათების განმავლობაში ითმენდნენ და აღკვეთდნენ უმსგავსობას, რომელიც ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არიან დაზარალებულები დაზიანებულები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც კანონს გადაამეტა, აგებს ძალიან მკაცრად პასუხს, სისხლის სამართლის წესით ისინი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ადმინისტრაციული წესით, ვინც ადმინისტრაციული გადაცდომა ჩაიდინა. იმ მოძალადე ადამიანების ქმედება არამხოლოდ ცივილიზებულ ნორმებს, ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართული ტოლერანტობის იდეას, რომელმაც გაგვაძლებინა ამ ათასწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ერმაც და ბერმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რა გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრობს საქართველო.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაში, სადაც რომ არა ეს ჩვენი ტოლერანტობა, მიმღებლობა და გახსნილობა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მიმართ, უბრალოდ ქართველი ერი ვერ იარსებებდა და კარგი იქნება, ამას თუ გაიაზრებს ყველა, ერიც და ბერიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

დატოვე კომენტარი