სოზარ სუბარი - პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები, განსაკუთრებით გამოვყოფდი გრიგოლ ვაშაძის გაუგონარი ქმედებას
სოზარ სუბარი - პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები, განსაკუთრებით გამოვყოფდი გრიგოლ ვაშაძის გაუგონარი ქმედებას

როდესაც პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე, განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მათი თავმჯდომარის, მათი პრეზიდენტობის კანდიდატის, კულტურისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოში დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ისევე როგორც დაცულია გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ყველაზე რადიკალური მოწოდებებიც კი, როგორიც არის ხელისუფლების დამხობა, დავამთავრებთ, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ.

„როდესაც ეს განცხადებები გადადის ქმედებებში, როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც დღეს დილით ვიხილეთ, ბოქლომების დადება პარლამენტის შენობაზე თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე, ბლოკირება სახელმწიფო შენობების, მაშინ, ბუნებრივია, უფლება კი არ აქვს, მოვალეა იმოქმედოს და ეს მოქმედება განხორციელდა. აღკვეთილია ეს უკანონობა, რომელიც განხორციელდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ, გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, თვით მომიტინგეებისა და მათი ლიდერების ჩათვლით. იმ დროს, როდესაც პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე და განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მათი თავმჯდომარის, მათი პრეზიდენტობის კანდიდატის, კულტურისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როდესაც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა, უტყაპუნებდა მათ, ეს ცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის კიდევ ერთხელ, ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამაზე ალბათ შემდგომში იქნება საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.