სოზარ სუბარი - მნიშვნელოვანია, გავხდეთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები, რადგან ეს არის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის გარანტი
სოზარ სუბარი - მნიშვნელოვანია, გავხდეთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები, რადგან ეს არის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის გარანტი

მნიშვნელოვანია, გავხდეთ ნატო-ს წევრები, რადგან ეს არის ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტი, ასევე მნიშვნელოვანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რადგან ეს არის გარანტია ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის მაღალი სტანდარტის და ეკონომიკური წინსვლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, თავის დროზე, რუსეთი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გამხდარიყვნენ, ასევე გააფთრებული წინააღმდეგობა ჰქონდა ნატო-ს წევრები გამხდარიყვნენ, მაგრამ ნატო-ს წევრები გახდნენ.

„მეორე გააფთრებული წინააღმდეგობა იყო, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ უნდა გამხდარიყვნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები, მაგრამ გახდნენ. ამ სვლას წინ რუსეთი ვერ აღუდგება. ჩვენ მეგობრები გვყავს და სწორედ მათი მხარდაჭერით უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, გავხდეთ, ნატო-ს წევრები, რადგან ეს არის ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტი. ასევე ევროკავშირის წევრები გავხდეთ, რადგან ეს არის გარანტია იმ ოჯახის წევრები გავხდეთ, რომლის წევრად თავს ისტორიად ვთვლით და არის გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის მაღალი სტანდარტის და ეკონომიკური წინსვლის. ეს არის შეუქცევადი პროცესი. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს მინისტერიალზე ითქვა, რომ ერთადერთი ვინც გადაწყვეტილებას იღებს, არის ნატო და გარედან ვერავინ გავლენას ვერ მოახდენს. უბრალოდ, როცა გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუ მკაფიოდ გვეცოდინება, ეს კარი სად არის და შიგნით როდის შევალთ, ეს უკეთესი იქნება“, – განაცხდა სოზარ სუბარმა.