სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მეტად აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მეტად აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები

პარლამენტში როდესაც შემოვლენ კანდიდატები, შემდეგ ვიმსჯელებთ, ვის დავუჭერთ მხარს და ვის – არა. თუმცა კარგი იქნებოდა, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, წარედგინათ კანდიდატები, რომლებიც მათ კვალიფიციურად, მიუკერძოებლად მიაჩნიათ, – ამის შესახებ  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიკერძოებაზე საუბარი უცნაურია.

„ცესკო-ს მიკერძოებულობაზე და ცესკო-ს მიერ არჩევნების გაყალბებაზე ლეგენდების მიუხედავად, საბოლოოდ საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საზოგადოებაც და ყველა, ვინც სპეციალურად არ ხუჭავს თვალს, დარწმუნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, პირიქით, გაყალბდა „პივიტი“, პარალელური დათვლა. შესაბამისად, რაიმე ცილისწამება და ბრალდება საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრის მიმართ ან ცესკო-ს რომელიმე თანამშრომლის მიმართ არის უბრალოდ ცილისწამება და დანაშაულის დაბრალება, რაც ასევე თავისთავად დანაშაულია. ამიტომაც უნდა ამოვიდეთ ნდობის პრეზუმფციიდან. როდესაც პარლამენტში შემოვლენ კანდიდატები, შემდეგ ვიმსჯელებთ, ვის დავუჭერთ მხარს და ვის – არა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, წარედგინათ კანდიდატები, რომლებიც მათ კვალიფიციურად, მიუკერძოებლად მიაჩნიათ. მონაწილეობას არ იღებენ და ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხას ცდილობენ, ეს არასწორია. საერთოდაც, ძალიან უცნაურია პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც ლაპარაკობენ მიკერძოებაზე და ამ დროს თვითონ მხარი დაუჭირეს იმ კანდიდატურას, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრია, იმ გამგეობისა, რომელმაც გააყალბა ხმების პარალელური დათვლა და შემდეგ ორი თვის განმვალობაში თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ჩვენც, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ თითქოს ოთხპროცენტიანი ცდომილება არსებობდა, მაშინ, როცა იცოდნენ, რომ არანაირი ცდომილება არ იყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

დატოვე კომენტარი