სოზარ სუბარი - დმანისში არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ არის,  ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე
სოზარ სუბარი - დმანისში არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ არის, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე

მიმდინარეობს დაკითხვა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ვიდრე გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე – მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ინტეგრაციის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თავს სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს და ამისთვის უპირველესია საერთო ენაზე ვმეტყველებდეთ, რომ ადამიანები ვინც სკოლას ამთავრებენ, კარიერის ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ, ვინც სახელმწიფო ენა, ქართული ენა იცის. ამ მხრივ შესაბამისი პოლიტიკა ტარდება და ამაში სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს“, – განაცხადა სუბარმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. ინციდენტზე დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. დაპირისპირება მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ამასთან, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა.